მარეკ დუდაევი თავისუფლებისთვის ემზადება

image1

მარეკ დუდაევის ოსური მხარისათვის გადაცემის საკითხთან დაკავშირებით მთავრობაში საერთო პოზიცია ჩამოყალიბებული არ არის. ამის შესახებ „პრაიმერს“ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განუცხადა.

„ჩემს ინიციატივასთან დაკავშირებით მთავრობაში პოზიცია ორადაა გაყოფილი. ნაწილი ეთანხმება დუდაევის ოსური მხარისათვის გადაცემის საკითხს, ნაწილი კი წინააღმდეგია. თავად შს მინისტრის პოზიცია ამ ეტაპზე ჩემთვის უცნობია. უახლოეს დღეებში ვგეგმავ მასთან შეხვედრას და ამ საკითხს განვიხილავთ“,- განუცხადა „პრაიმერს“ ნანუაშვილმა.

თავის მხრივ მთავრობისა და სახალხო დამცველის მისამართით პრეტენზიებს გამოთქვამს მარეკ დუდაევის ადვოკატი ნათია სირაძე.

„დუდაევი #7-ე საპყრობილეშია და სახალხო დამცველის ინიციატივასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ელოდება, თუმცა,   მას გათვისუფლების თაობაზე დიდი მოლოდინი არ აქვს. სახალხო დამცველს, სანამ მსგავსი ინიციატივით საჯაროდ გამოვიდოდა, მანამ უნდა მიეღო ინფორმაცია მთავრობისგან. პარალელურად ჩვენ სასამართლოში გვაქვს განაცხადი შეტანილი, სასჯელის შეკრებითობის მოხსნასთან დაკავშირებით. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დუდაევი საპატიმროს ისედაც დატოვებს“,- განუცხადა „პრაიმერს“ ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ 2005 წლის 25 ნოემბერს ცხინვალის რაიონის სოფელ არცევში მცხოვრებ მარეკ, იგივე ნოდარ დუდაევს ქართულმა მართლმსაჯულბამ მკვლელობისთვის, გამოძალვისა და ბანდიტიზმისთვის თავისუფლების 23 წლით აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ დუდაევს 16 თავდაპირველი ბრალდებიდან 3 მოუხსნა, რომელიც მკვლელობას, თანხის გამოძალვასა და ყაჩაღობას ეხებოდა, თუმცა დანარჩენ 13 ეპიზოდში  დამნაშავედ სცნო. ამნისტიის პირობებში მას სასჯელი 10 წლით შეუმცირდა.

ადვოკატი განაჩენს იმთავითვე უკანონოდ მიიჩნევდა და აცხადებდა, რომ ძალოვანი უწყებები საქმეში აქტიურად იყვნენ ჩართულები და მოწმეებს სასამართლო პროცესიდანაც კი იტაცებდნენ, პოლიციელები  მათზე ზეწოლას ახორციელებდნენ და გამოძიებისთვის სასურველი ჩვენების მიცემას აიძულებდნენ. აღნიშნულში ადვოკატი გორის რაიონული პოლიციის თანამშრომლებს ადანაშაულებდა.

კოკოითის სეპარატისტულმა მთავრობამ დუდაევის ოსური მხარისათვის გადაცემის საკითხი საქართველოს ხელისუფლებასთან არაერთხელ დააყენა, მაგრამ უშედეგოდ. აღნიშნულთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ვერც 2008 წლის ომის შემდეგაც შედგა.

ცნობისთვის, 2011 წელს ქართულმა მხარემ პატიმრობიდან 7ეთნიკური ოსი გაათავისუფლა და ცხინვალის მხარეს გადასცა, მაგრამ მათ რიცხვში არ იყო დუდაევი. შს მაშინდელმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზებიც განმარტა. „დუდაევის კისერზე 4 მკვლელობა და სხვა მძიმე დანაშაულებია. აქედან გამომდინარე, მისი გათავისუფლება გამორიცხულია”,– აცხადებდა მერაბიშვილი.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ახალმა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა დუდაევ საპყრობილეში მოინახულა და განაცხადა, რომ მის საქმეს ომბუდსმენის აპარატი შეისწავლიდა. ამასთან ცხინვალში დაკავებული ქართველების გათავისუფლების სანაცვლოდ დუდაევის ოსური მხარისათვის გადაცემის ინიციატივით გამოვიდა.

 

 

 

 

გაიზიარე სიახლე

Share to Google Buzz
Share to Google Plus
Share to MyWorld
Share to Odnoklassniki
Share to Yandex